logo
ENG



ბაქრაძე: ვნახოთ, რა ინფორმაცია აქვს ელჩს, იმედია, არის სიახლე, მათ შორის "ოცნების" მხრიდან

25 ნოე 202016:03
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/25/3gny6o52ho2gq3q.jpg

აშშ-ის ელჩს მისსავე რეზიდენციაში ამ წუთებში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ხვდება. 

შეხვედრამდე ბაქრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა ელჩებისგან გაიგოს "რაღაც სიახლე, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან". 

"დაველოდოთ, რა ახალი ინფორმაცია აქვთ ელჩებს და რა დატვირთვით დგება დღევანდელი შეხვედრა. მე იმედი მაქვს და ველოდები, რომ შესაძლოა იყოს რაღაც სიახლე, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან.  იმიტომ, რომ პოზიცია ცნობილია: ჩვენ ვეძებთ გამოსავალს იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა გაყალბებულმა არჩევნებმა. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ეძებენ გამოსავალს. ერთადერთი, ვინც გამოსავალს არ ეძებს, არის ქართული ოცნება. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ რამე გამოსავალს მოვისმენ, რაც საშუალებას მომცემს, შეხვედრის შემდეგ გავაკეთო უფრო შინაარსიანი კომენტარი", - თქვა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციას აქვს მზადყოფნა, კრიზისიდან გამოსავალი მოძებნოს, თუმცა, გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.

"გამოსავალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობის მანდატი და შეეძლება, გაუმკლავდეს უმძიმეს ეკონომიკურ და ჯანდაცვის საფრთხეებს ქვეყანაში. მთავრობა, რომლის ლეგიტიმურობაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სჯერა, ვერც კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას და ვერც კოვიდპანდემიას მოუვლის. ქვეყანას სჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლება", - თქვა მან. 

დავით ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ მართალია ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლას არ გეგმავს, მაგრამ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს პარლამენტთან, შეცვალოს კანონმდებლობა, რათა გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს. 

"ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი, რომ ჩვენ მზად ვართ არშესვლის გზით, მაგრამ გარედან, სამუშაო ჯგუფის გზით ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები“. - თქვა ბაქრაძემ. 

დღეს, 25 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს ინდივიდუალურად ხვდებიან. კელი დეგნანს უკვე ესაუბრნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.  

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრების მესამე რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. 

განხილვის საგანი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნაა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა და მხარდამჭერებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 

როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტია მიუღებელი. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებენ და კვლავ ითხოვენ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს. 


close დახურვა